სიახლეები

ბაბული დოლიძე

ბაბულიე ვარ დოლიძე. რუბენ დოლიძის და მარო ბერძენიშვილის დიდ, ლამაზ ოჯახში დევიბადე 86 წლის წინ ჩოხატაურში, ძირგანახლებაში. ბებია მარიამი სურებელი რამიშვილის ქალი იყო, ნამეტარი კაი სანახავი, იმას მამსგავსებდენ მე. შვიდი შვილი ვყავდით ჩემს დედ მამას, ოთხი ძმაი და სამი დები. სკოლა დავამთავრე და სამედიცინო ტექნიკუმში ვისწავლე თფილისში. ზოგმა ბათუმში ისწავლა, ზოგი თბილისში წევიდა და დევიფანტეთ. ჩემი ძმაი ფინანსისტი იყო, სატყეოში მუშაობდა თანამდებობაზე და გვყობოდა ყველას ზეთ, იმის შვილები თბილისში ცხოვრობენ ახლაც, უფროსი დაი ბათუმში მყავს გათხოვილი, დისშვილები და მონაგარი ბათუმში არიენ ყველა. ჩემი ერთი, უმცროსი ძმაი შინ დარჩა და ასე. ყველა ნასწავლი მყავს, უმაღლესი განათლებითაა ყველა.
ტექნიკუმი დავამთავრე და დავრჩი თბილისში, ექთნათ ვიმუშავე პენსიაში გასლამდე. მივლინებები მიწევდა სიარული, მიშობდენ ორი სამი დღით, ბევრს დავდიოდი სოხუმში, ზესტაფონში, ქუთაისში და საქართველოს ბევრ ქალაქში.. ჩემს სამსახურს საწარმო ქონდა სამედიცინო ინვენტარის, სამედიცინო თეთრეულს და ტანისამოსს ვკერავდით, ამ საქონელით ვამარაგებდით საავადმყოფოებს, ამბულატორიებს, სამედიცინო პერსონალს და ამ მომარაგების საკითხებით ვიყაი დაკავებული. ამ საწარმოს უფროსი სომეხი კაცი დიდი მოხერხებული და მცდელი იყო, ქვაიდან წვენს გამუადენდა იმფერი. პატივს მცემდა დირექტორიდან დაწყებული თანამშრომლებით დამთავრებული ყველა.
თბილისში ჩემი მამის სამი ძმაი ცხოვრობდა, ბიცოლები იმათი შვილები. პლეხანოვზე, გოგოლზე, მეჩნიკოვზე, ყველა დაბინავებული და დაოჯახებული. მე უფრო გოგოლზე ვიყავი ჩემი გარდაცვლილი ძმის ცოლთან და შვილთან. ბიჭი ინჟინერი იყო და ცოლი არ მოყავდა, უფრო ხშირათ იმ ბიცოლასთან ვცხოვრობდი.
მთხოვნელი ბევრი მყავდა, ბევრს ვუნდოდი, ხან მე ვწუნობდი, ხან მე მწუნობდენ ალბათ და დავრჩი მარტო.
ლამაზი ხარო მიჩიოდენ, მე კიდომ უფრო ლამაზი და კაი მეგონა ჩემი თავი ვინემ ვიყაი და ვუკადრისობდი, უარს ვამბობდი. ერთ ქალობას კი ვიზამდი, კაი ცოლობას გავსწევდი ალბათ, შვილებსაც კარქათ გავზდიდი ასე მგონია. დისშვილებიც ბევრი მყავს ძმიშვილებიც, თილისში გინდა, ბათუმში გინდა, აგერ სოფელში სა არა მარა მე ქე დავრჩი მთლად მარტო აგერ და კი ხედავ სა ვარ, სა მომიწია ცხოვრება. ამფერი ბედი დამირჩა, ლამაზი ხარო მიჩიოდენ, მაქეზებდენ, ამის მოსმენა უხარია ადამიანს, ქალს მითუმეტეს , დეიჯერო ეგება კიდეც და დეიღუპები, მე რომ დევიღიუპე ისე.
ჩემს სახლში, სოფელში სადაც მე დევიბადე და გევიზარდე ახლა ჩემი უმცროსი ძმის შვილი და რძალია, რძალი ნახევარი რუსია და არ მომწონს არ მინდა მასან ცხოვრება, მისლით მივდივარ მარა არ ვჩერდები, იქინე დარჩენა, დაძინება არ მინდა. ორი შვილები ყავენ გოგო და ბიჭი. ჩხუბით არ გვიჩხუბია, არც მე გამუუგდივარ არიკაცს, მე გადავწყვიტე არ მინდოდა და წამევედი. რაიკომთან, აგერ ოზურგეთში ჩემი ძმიშვილი ცხვრობს, ცოლშვილიანია. ვთხუე შენთან ახლო მინდა სადმე ვიყო მეთქი, კი მამიდა, კი მამიდა , კი მამიდაო, დამხვია ხელი და მომიყვანა აქანე, მას მერე ვარ ამ ანასეულში მოხუცებულთა სახლია თუ რაცხაა. არაფერი არ მაკლია, ზრუნავენ ჩემზე, შინაურებიც ზრუნავენ, იგიც ვიცი რომე დარდობენ ჩემზე და ვეფიქრები ყველას. აგერ პერსონალიც მყობა ზეთ კი ხედავთ რაფერი გოგოები არიენ მარა ასარჩევათ რომ მქონდეს მაინც ჩემს სახლში დიდ ოჯახში ვირჩევდი ყოფნას რომ მქონდეს აი დიდი ოჯახი სადაა თვარა.
ოთხი ძმაი მყავდა, ოთხივე მის მისი ოჯახებით შვილებით, შვილიშვილებით. მოდიენ, მაკითხავს ყველა, მოადგებიენ აგერ ჭიშკარს, დევინახავ გამიხარდება, შემოვლიენ, გამომელაპარაკებიენ, მომიკითხავენ, ხან მეც წავალ იგენთან და მერე ვბრუნდები ისევლე უკან.
ბევრი საფიქრელი მაქ ბევრი, ჩემს უკუღმა ბედზე ვდარდობ და ვფიქრობ. აქანე თუ მომიწევდა მოხუცებულობაში არ მეგონა, ამას ვერ წარმევიდგენდი.
გავთხოვილიყავი უნდა, რაფერიც მექნებოდა იმფერი მექნებოდა, ოჯახი უნდა მქონოდა, შვილები უნდა მყოლოდა და ასე არ წევიდოდა ჩემი ცხოვრება.
რავიცი ვამბობ ისე ჩემდა თუარა კაცმა არ იცის ვის რა ელოდება.
მიჩივიენ მაჩხუბარა ხარო, მწარე სიტყვების თქმაი იციო, მე არ მგონია ასე, გევიკვირვებ. მკაცრად გამზარდეს და თუ რამე შემეშლება დღესაც მგონია დევისჯები.
ვარ აგერ ჩემდა, ვკითხულობ ბეურს და ვფიქრობ, ვფიქრობ, ვფიქრობ სულ. თქვენც იფიქრეთ მოხუცებულობაზე, სანამ დროია მანამდე იფიქრეთ თვარა ჩემი ხნის რომ იქნებით ფიქრს აფერი ძალა და ღონე აღარ ექნება დარჩება მარტუა ფიქრად და დარდათ.
მთხრობელი ბაბულიე დოლიძე 86 წლის.
გურია, ოზურგეთი, ანასეული.
#GardeniaShevardnadze
#ძველიგურულები
ფოტო #ზაქარიაჭელიძე
ხმა საარქივედ ჩაწერა ხატია მაღლაკელიძემ.