საქველმოქმედო აქცია
2021 წლის 7 იანვარს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ლიდერთა სკოლის მოსწავლეებისა და დღეგრძელთა სახლის ხანდაზმულების ინიციატივით, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით გაიმართა საქველმოქმედო აქცია.
ქვეყანაში არსებული პანდემიის გამო, ხანდაზმულებს არ მიეცათ შესაძლებლობა შობის მილოცვის მიზნით, თავად სწვეოდნენ ახლობლებსა და ნათესავებს, ამიტომ დღესასწაულის მილოცვის მიზნით, მათ მოამზადეს გურული ღვეზელები, რომლებიც გაუგზავნეს ქალაქ ოზურგეთში მცხოვრებ ნათესავებსა და მეგობრებს.
საქველმოქმედო აქციას შეუერთდნენ ორგანიზაციის ლიდერთა სკოლის მოზარდებიც, რომლებმაც მათ მიერ მომზადებული გურული ღვეზლები გაუგზავნეს ქ. ოზურგეთში მცხოვრებ მარტოხელა მოხუცებსა და სოციალური პრობლემების მქონე ოჯახებს (სულ 10 ოჯახი), რითაც შობა მიულოცეს.
შობა, როგორც უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული, გურიაშიც განსაკუთრებით აღინიშნება. ამ დღეს, ყველა ოჯახში ცხვება გურული ღვეზელი. შობას, ოჯახები, ტრადიციულად, სარკმელში ანთებული სანთლით ხვდებიან, ეს არის ქრისტეს ნათელის სიმბოლო, რომელიც ყველას ნათელს ჰფენს.
ღონისძიება ჩატარდა სამწლიანი პროექტის “უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და ხანდაზმულებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) და საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაცია (GPIDA) ერთად. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია European Union in Georgia და „პური მსოფლიოსთვის“..