სიახლეები

„ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების პროექტის“ პრეზენტაცია

2021 წლის 18 თებერვალს გურიაში გაიმართა „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა
და პლატფორმების გაძლიერების პროექტის“ პრეზენტაცია. პროექტი ხორციელდება
„საქართველოს გაეროს ასოციაციისა“ (UNAG) და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“
(OSGF) თანამშრომლობით. თეონა ლებანიძემ (UNAG) და ხათუნა იოსელიანმა (OSGF)
დაინტერესებულ საზოგადოებას დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია პროექტის ფარგლებში
დასახული იმ ამოცანებისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ, რომელთა განხორცილებაც
მიზნად ისახავს ცოდნის და უნარების განვითარებისა და დასაქმების ხელშემწყობი
პლატფორმების, რესურსებისა და ღონისძიებების ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და შრომის
ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის გაზრდას ოთხ რეგიონში: აჭარა, გურია, შიდა ქართლი და
ქვემო ქართლი.
აღნიშნული მიზნის მიღწევაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ რეგიონულ არასამთავრობო
ორგანიზაციებს. გურიაში პროექტის პარტნიორ ორგანიზაციას წარმოადგენს „ახალგაზრდა
პედაგოგთა კავშირი“, რომლის ახალგაზრდული მიმართულების მენეჯერმა, ნონა სადრაძემ
პრეზენტაციისას ისაუბრა როგორც ორგანიზაციის შესახებ, ისე ხაზი გაუსვა პროექტის
მნიშვნელობას გურიის რეგიონისთვის.
აღსანიშნავია, რომ „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების
გაძლიერების პროექტი“ ხორციელდება ევროკავშირის „განათლება დასაქმებისთვის“
(Skills4Jobs) პროგრამის ფარგლებში, რომლის შესახებაც საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა
საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა, პროგრამის მენეჯერმა, ნინო
ყოჩიშვილმა.
ღონისძიებას ესწრებოდა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო
დაწესებულებების, ბიზნეს სექტორის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მედიის
სამოცზე მეტი წარმომადგენელი.