სიახლეები

ვლადიმერ აკინინი 69 წლის

ვლადიმერი ვარ აკინინი, დაბადებული, გაზდილი გურიაში აქანე მოვხუცდი, გურული ვარ აბა რა ვარ. სამოცდაცხრა წელს შევასრულებ ნოემბერში. დედა როსტოვიდან იყო, მამა სტავროპოლიდან რუსები ორივე რასაკვირველია. ომის მერე ჩამევიდენ, შეუღლდენ, სუფსაში დასახლდენ, მე დაბადებული სუფსაში ვარ, მერე ლანჩხუთში გადევედით, კომუნალური ბინა მოგვცა თავრობამ იქინე. სამი დედმამიშვილი ვიყავით, ორივე მომიკტა. დედაც და მამაც მსახურობდენ, უბრალო მარა ძალიან მყუდრო, თბილი და ჩვენზე შვილებზე მზრუნველი ოჯახი გვქონდა. მამა მშენებლობაზე მუშაობდა დედა დამლაგებლათ და რაცხა ასე.
ათი წლის იყო ჩემი დაი რომ მოკტა, ფილტვის ანთებით, ტიფი ეგონენ და შეცდომით უმკურნალეს. ჩემი პატარა ძმაიც ასე რაცხა უყურადღებობით. მე დავრჩი მარტო.
არც დედამ და არც მამამ ქართული არ იცოდენ, კი ესმოდა ორივეს მარა ვერ გამოთქვამდენ. მე რუსული აქცენტიც არ მაქ კი ხედავთ და გეყურებათ, სულ გურულებში ვიყაი და იმიზა ალბათ.
დედაჩემის სიკვტილიდან ორ მაის შესრულდა ოსდაერთი წელი. მზრუნველი დედა იყო, ბოლოს მის ანაბარა დავრჩი. აბა ნათესავი, მოყვარე და მომკითხავი სხვაი არიკაცი არ მყავდა კი გითხარით.
65 წლის იყო მამაჩემი რომ მოკტა, დედამ 83 წლამდე იცოცხლა. ნათესავები გვყავდა როსტოვში და სტავროპოლშიც, მატარებლით წევიდოდით, ლანჩხუთში გამეიარდა მოსკოვი ბათუმის მატაებელი, დავჯდებოდით ზეთ და წევიდოდით, ბილეთს სადგურის სალაროში ევიღებდი.
რუსული სკოლა დავამთავრე ლანჩხუთში. ჯარშიც ვიმსახურე და მერე კინოში დევიწყე მუშაობა. კინომექანიკოსი ვიყაი. ჩემსობას ქალაქშიც იყო კინო და სოფლებშიც. ჩემი მასწავლებელი იყო ლეონიდე ზენაიშვილი, უფროსი კინომექანიკოსი ლნჩხუთის კინოთეატრში, ხნეი იყო მე რომ მივედი, იმან მასწავლა აი საქმე. კინო მიყვარდა, ყველაფერი ნანახი მაქ ჩვენი სამუშაო ოთახის ფორტოჩკიდან. 26 წელი ვიმსახურე. მაყურებელი იმაზე მეტი იყო ვინემ მიღება შეგვეძლო, სამას ადგილიანი დარბაზი სულ სავსე გვქონდა. კინოთეატრის გვერდზე ვცხოვრობდი, ფეხით გადევიდოდი, გადმევიდოდი.
ერთი თვის მარაგს მევიტანდით კინოს ბათუმიდან, სოფლებიდან მოდიოდენ მექანიკოსები, ყველას ვიცნობდი, ჩამოდიოდენ, ჩუუწყობდით მისი ყუთებით და მიქონდენ, დააბრუნებდა, გავატანდით მაგიორს ასე ვატრიალებდით.
კინოს გარდა ქვეყნის ნაშრომი ვარ, ხან ბლოკის ცეხში ხან მშენებლობაზე ხან სადა და ხან სადა. პენსიაში გასლამდე მაღაზიაში ვიმუშავე დამხმარეთ, ჩამოვტვირთავდი, შევიტანდი ბოთლებს, პროდუქტს, გავაწყობდი დალხებს.
არ დავოჯახებულვარ, დღეს ხვალე, დღეს ხვალე და დავრჩი ასე. სურვილი კი მქონდა ოჯახი შემექმნა მარა არ გამოვიდა რაცხა, არ მოწყვა.
სხვასაც უკითხავს ჩემდა დარდი თუ გაქო, თუ იცი დარდიო, უდარდელი კაცი ვარ მეთქი ვპასუხობ, არ გავხარ შენ უდარდელ კაცსო მეტყვიენ, არ ჯერავს არცეთს მარა მე მაინც მასე ვჩივი.
სიზმარი ვიცი ხშირათ, კინო მესიზმება, მენანება რომ დეინგრა და ისეა ვითომ არც ყოფილა, გაქრა. ხან სიზმარში მთელ ფილმს ვნახავ. ბევრ ხალხს ვიცნობდი, მაყურებელი მცნობდა, მიხაროდა, უბრალო, ერთი წესიერი კაცის ცხოვრებით ვიცხოვრე.
ბოლოს მეზობლები მპატრონობდა, კი გითხარით ნათესავი არავინ არ მყავს. კარგი მეზობლობა იციან აქანე დიტო ურუშაძე, ჯუბა კვაჭაძე დანარჩენებიც. აქანე რომ მომიყვანეს ანასაეულზე ჯოხებით ვიარებოდი, სუსტად ვიყავი. ხან პარკში გევისეირნებ, ოზურგეთშიც ვიყავი ორი გზობა. ფეხები და ხელები მიბუჟდება, ჩემი თუა ხან არ მგოია ისე, ამ ბოლოს ვითომ კი ვარ უკეთესად.
დიდი მეოცნებე არცაროის არ ვყოფილვარ, ახლა მითუმეტეს. რაღაზე უნდა ვიოცნებო, მარტო კაცმა მოხუცებულთა სახლში, ასე ჩემსავით ქალები და კაცებია ირგვლივ ყველა. გამუალ ნარდს, კარტს ვითამაშებ და შევალ ისევლე ჩემს ოთახში, რადიოს ვუსმენ.
აქანე ანასეულზე რომ აღარ უნდა სახლში დასატიებლათ ძაღლები მოყავს ხალხს სოფლებიდან და უშობენ პარკში, უპატრონოთ. იარს იარს აი ძაღლი და ბოლოს ჩვენ მოგვადგება მშიერი, დაღლილი აგერ ჭიშკართან, მეც და აქანე ამხანაგებს ყავს ასე შემოხიზნული ძაღლები და ვუართ, ვაჭუმთ. ამას ტარზანა დავათქვით, რათ უნდა თქმაი სხვაი სახელი ექვიებოდა და არ ყურობდა მარა მერე შეეჩვია და ქვია ასე.
დამეთხუეთ ახლა, ბოდიშს ვითხოვ.
მთხრობელი ვლადიმერ აკინინი 69 წლის.
გურია, ოზურგეთი, ანასეული.
ხმა საარქივედ ჩაწერა ხატია მაღლაკელძემ.