სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევნები
2019 წლის 17 ივნისს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა საჯარო სკოლაში, სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევნები გაიმართა. არჩევნებში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლება ჰქონდათ სკოლის მასწავლებლებს და მშობლებს, მოსწავლის შესაბამისი სასწავლო საფეხურის გათვალისწინებით.
ა(ა)იპ ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის წარმომადგენლები, თბილისსა და გურიის რეგიონში, საარჩევნო პროცესს შვიდ საჯარო სკოლაში აკვირდებოდა და აწარმოებდა ამომორჩეველთა გამოკითხვას. კერძოდ, სსიპ თბილისის პირველი ექსპერიმენტული, სსიპ თბილისის 49-ე და გურისს რეგიონის სსიპ სოფელ შრომის, სსიპ სოფელ ხაჯალიის, სსიპ სოფელ ლაითურის, სსიპ დაბა ნასაკირალისა და სსიპ სოფელ ნაგომრის საჯარო სკოლებში.
საარჩევნო პროცესი, ძირითადად, დარღვევების გარეშე მიმდინარეობდა. ხმის მიცემისა დათვლის პროცესი მიმდინარეობდა ღიად, გამჭირვალედ, პროცედურებისა და წესების დაცვით. დროულად გაიხსნა და დაიხურა საარჩევნო უბნები.
თუმცა, ერთ-ერთ სკოლაში დაფიქსირდა ხმის მიცემისა და დათვლის უხეში პროცედურული დარღვევა: საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დაწყებითი საფეხურის მშობლების ბიულეტინებს თვითნებურად ავსებდა და ათავსებდა საარჩევნო ყუთში.
შვიდევე უბანზე, ძირითადად, შეიმჩნეოდა მასწავლებლების მაღალი, ხოლო მშობლების კრიტიკულად დაბალი აქტივობა. ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის წარმომადგენლები დაკვირვების პარალელურად აწარმოებდნენ ამომრჩეველთა გამოკითხვას, რომლის მიზანი იყო დაედგინა ამომრჩეველთა საარჩევნო პროცესში მოაწილეობის მიღების მოტივაცია. აღნიშნული გამოკითხვის შედეგები მიმდინარე კვირის განმავლობაში გამოქვეყნდება.